"ფეიბუქმა" მამაჩემის ფოტო ამოაგდო კალმახებიანი სინით ხელში" - ნინო დარასელის სევდიანი პოსტი

  • facebook.com
  • 13 აგვისტო 15:51

ჟურნალისტი ნინო დარასელი სოციალურ ქსელში ვრცელ და სევდიან პოსტს ავრცელებს, რომელშიც თავის უდარდელ ბავშვობას, მშობლებს და მათთან ერთად გატარებულ საუკეთესო პერიოდს იხსენებს:

"მარწყვის ხე


დღეს "ფეიბუქმა" მამაჩემის ფოტო ამოაგდო, კალმახებიანი სინით ხელში...


სექტემბერში სკოლაში, დაახლოებით მეშვიდე კლასამდე სწავლის პროცესი ამ თემით იწყებოდა: როგორ გავატარე ზაფხული. ჰოდა, ჩემი თემაც, ძირითადად წლების განმავლობაში უცვლელ მარშრუტებს მიმოიხილავდა. რაჭაში დედაჩემის სოფელი სორი, სამეგრელოში მამაჩემის მუხური და მერე რა თქმა უნდა ჩვენი ყველას ზღვა-აფხაზეთში.


არასდროს დამავიწყდება სორიდან ბევრი ბოშოები სამტარულაში, მინდელების ულამაზესი დიდი საგვარეულო ხის სახლი, უზარმაზარი აივნით და ოლღა ბებიას და ონისიმე ბაბუას შავ-თეთრი სურათებით. ბუხარში შემწვარი, დილას ტყეში მერციას მოკრეფილი მჭადა სოკო, წითელი ყაყაჩოები, დომინას იასამნისფერი ვარდები, შავი მაყვალი და შაბათას მაღაზიის შავი კალოშები.


შაბათას ერთადერთ მაღაზიაში სორში, ყოველ დღე მივდიოდი, ვერთობოდი უბრალოდ და თან ვამოწმებდი კალოშებს, ადგილზე თუ იყო. ბავშვების ზომა არ იყიდებოდა და ერთი სული მქონდა ფეხი როდის გამეზრდებოდა. ისე გამიხდა ფეხი 38, ის პრიალა შავი კალოში წითელი " სარჩულით" ვერ მოვირგე, შაბათას მაღაზიაც დაიკეტა და ცოტა ხანში სიგარეტის ჯიხური ჩადგეს. "მაგნა" ვიყიდე და მოვწიე კიდეც, მსგავსი კალოშები კი ბევრი ბევრი წლის შემდეგ, ეხლახანს Comme Des Garsons-ის და თბილისის მოდის კვირეულზე სიმონიკო მაჩაბლის კოლექციაში დავლანდე. ერთი უნდა დავურეკო სიმონიკოს, საინტერესოა თუ აქვს ჩემი ზომა.


ჰო სულ დამავიწყდა "ფიჭვის კევა" შოვიდან და შოვის სანატორიუმის კუნტრუშაკი კოხტა ქალი, კოპლებიან კაბაში მუდმივად მინიკონცერტებს დგამდა, ხალხს კლუბში სხვადასხვა საღამოებზე იწვევდა და მოკლედ დამსვენებლების კულტურულად დასვენებაზე ზრუნავდა. მომწონდა ეს აქტიური ქალი, მეც მინდოდა რომ გავიზრდებოდი ასეთივე გამოვსულიყავი. უკვე დიდი გოგო ვიყავი როდესაც მივხვდი, რომ კუნტრუშაკი სინამდვილეში კულტმუშაკი იყო და ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ჩემგანაც რომ გამოვიდა "კუნტრუშაკი".


მუხურში სორზე უფრო ცივი წყალი მოდიოდა, საჭმელიც უფრო გემრიელი იყო და სიმინდიც უფრო მარილიანი. შოთა ბაბუა, რაიასთან და კუკურისთან ერთად, შავი ლეღვით, ცხელი ელარჯით და ტკბილი მეგრული სქან გოლუაფიროთი გვხვდებოდა.


სულ მეგრულად ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, მაგრამ არ მადარდებდა, მთავარი იყო, მე რომ მომმართავდნენ, ზუსტად მესმოდა რომ მეფერებოდნენ.


ასე იყო დედაჩემიც. წლების წინ, ზაზამ რომ ცოლად მოიყვანა, სამეგრელოში ჩაყვანილმა, ქართულად მხოლოდ ის გაიგო ზაზამ ქართველი ცოლი მოიყვანაო. მაგრამ ამის გამო არ დაუწუნებიათ, პირიქით მთელი ცხოვრება როგორც უცხოელს და ტურისტს თავს აწონებდნენ. მერე დედაჩემმაც ისწავლა "უცხო ენა" და უკვე საპატიო მოქალაქეობაც დაიმსახურა.


აი ჩემი ტრადიციული ზაფხულის თემის მესამე მარშრუტი კი 28 წლის წინ ჩაიკეტა და რაც დრო გადის, მგონი საბოლოოდ დავკარგე იქ ჩასვლის შანსი და იმედი.


სოციალურ ქსელში სულ უფრო იშვიათად ვხვდები აფხაზეთის თემას, და ყოველდღიურად ბევრად მეტია იმათი რაოდენობა, ვინც გუშინ ღამით ჩამქრალ სინათლეს დარდობდა, ან GWP-ის ახალ შემაშფოთებელ მესიჯს:l kselze dazianebaa.cklis micodeba shegickdebat 25/07-is 17:00-dan 27:07 12:00-mde.bodishi sheferxebistvis.


იცით? გაგრის "გრებეშოკში" მარწყვის ხე იდგა. მე მართალია მარწყვი არ მინახავს, მაგრამ ამბობდნენ მაისში ყვავის და საოცარი სანახავიაო. ალბათ ბევრს არ გჯერათ, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო იქაურობა, ამ ხის ნამდვილობაშიც ეჭვი არასდროს შემიტანია.


ან კი იმ ადგილას, სადაც ასე არარეალურად ზურმუხტისფერი იყო რიწის ტბა, ასეთი ლურჯი შავი ზღვა, ასეთი მწვანე აფხაზი სტელას თვალები, ასეთი წითელი ჩამავალი მზე, ასეთი გამაბრუებელი ევკალიპტი, ვითომ რატომ არ შეიძლება მდგარიყო წითელი მარწყვის ხე, რომელიც რომელიღაცა პრინცმა თავის საყვარელ ქალს სასახლესთან ერთად უსახსოვრა?


ზუსტად არ მახსოვს ეს ისტორია. ბიძაჩემის აფხაზმა მეგობარმა ტარიკა დოჩიამ გვიამბო მგონი, ან მისმა ცოლმა მანანამ. ტარიკა და მანანა თბილისში ცხოვრობდნენ და ზაფხულობით ჩვენზე ადრე მიდიოდნენ სოხუმში. მერე იქ გვხვდებოდნენ და გვმასპინძლობდნენ. 


წლების მერე აფხაზეთი რომ დავკარგეთ, გავოცდი, როდესაც გავიგე, მანანას მამა იყო ის ცნობილი აფხაზეთის კომპარტიის პირველი მდივანი, 1989 წლის 18 მარტს ლიხნში საქართველოდან გამოყოფის მოთხოვნით წერილს ხელი რომ მოაწერა.


ტარიკა და მანანა დიდი ხანია უკვე მოსკოვში ცხოვრობენ.იმათაც ენატრებათ აფხაზეთი.


თუ ოდესმე ჩავალ აფხაზეთში, ვეცდები მაისს დავამთხვიო, აყვავებული მარწყვის ხე მინდა ვნახო.


ჰო გამახსენდა, რიწის ტბაზეა გადაღებული ის ფოტო, მამაჩემის, კალმახებიანი სინით ხელში, დღეს რომ ფეისბუქმა ამომიგდო".


სრული ვერსიის ნახვა facebook.com