გაძვირებული პროდუქტები – ინფლაციის მაჩვენებელი გაიზარდა

  • fortuna.ge
  • 2 მარტი 16:20, 2017 წელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ფასების ზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

2017 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით 1,7 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 5,5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.


საქსტატის ცნობითვე, მოცემულ პერიოდში, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,51 პროცენტული პუნქტით აისახა.


ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული ( 6,7 პ როცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები ( 2,7 პ როცენტი), ხილი და ყურძენი ( 2,5პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1,8 პროცენტი), აგრეთვე ყავა, ჩაი და კაკაო (1,7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-0,7 პროცენტი);


ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,5 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,48 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0,8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0,6 პროცენტი);


ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9,4 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (0,9 პროცენტი).


 

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge