დაფრინავს თუ არა მენინგიტი

  • სხვადასხვა
  • 24 თებერვალი 11:16, 2017 წელი

მფრინავი მენინგიტი – ასეთ ტერმინს მედიცინა უბრალოდ არ იცნობს. ქართველებმა ეს ტერმინი ფრენას (летать) დავუკავშირეთ და მენინგიტს ახალი, არარსებული თვისება შევძინეთ.

სიტყვა "მენინგიტი" ლათინური წარმოშობისაა და ტვინის გარსების ანთებას ნიშნავს. ზურგისა და თავის ტვინს დაზიანებისგან ძვლოვან კარკასთან ერთად რამდენიმე გარსიც იცავს. ამ დროს თვით ტვინის უჯრედები არ ზიანდება, ანთება მათ გარეთაა. თუ ინფექცია ტვინის ნივთიერებასაც შეეხო, მაშინ მენინგოენცეფალიტთან ან მენინგომიელიტთან გვექნება საქმე, იმისდა მიხედვით, თავისაა ტვინი თუ ზურგისა.
მენინგიტს სხვადასხვა ბაქტერია და ვირუსი იწვევს. შემთხვევათა 90% ვირუსული (ძირითადად ენტეროვირუსული) წარმოშობისაა. საბედნიეროდ, ასეთი ანთება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ნაკლებ გართულებას იწვევს. ბაქტერიული მენინგიტი უფრო მძიმე და საშიშია. ჩვენს ქვეყანაში შეიძლება 
შეგვხვდეს პნევმოკოკით, მენინგოკოკით, ჰემოფილუსის ან ტუბერკულოზის ჩხირით და სხვა ბაქტერიებით გამოწვეული მენინგიტები. მენინგოკოკური მენინგიტი პირველადი მენინგიტია, მაშინ როცა სხვა მენინგიტები ძირითადი დაავადების გართულებას წარმოადგენს და გადამდები არ არის.
მენინგოკოკური ინფექციის სეზონი შემოდგომის მიწურულიდან ადრე გაზაფხულამდე გრძელდება, თუმცა თითო-ოროლა შემთხვევა მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. 
მენინგიტის დიაგნოზის დადგენა არც ისე იოლია. თავდაპირველად მენინგიტი ჩვეულებრივ გრიპს წააგავს. სპეციფიკური სიმპტომები ერთი-ორი დღის შემდეგ იჩენს თავს. შესაძლოა, ყველა სიმპტომი არც კი გამომჟღავნდეს ან ზოგიერთი მათგანი სხვა, შედარებით მსუბუქი დაავადების ნიშანი იყოს. ასე რომ, ნურც პანიკა აგიტანთ და ნურც ზედმეტად დაიმშვიდებთ თავს. ნეიროინფექციაზე მცირედი ეჭვიც კი ყოველგვარ თვითშემოქმედებას გამორიცხავს. ერთადერთი რამ არის საჭირო: ავადმყოფი რაც შეიძლება მალე მოხვდეს პროფესიონალების ხელში. ამ დროს არამცთუ საათებს, ხშირად წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საგანგაშო ნიშნები:
* მაღალი სიცხე;
* ძლიერი თავის ტკივილი;
* კისრის კუნთების რიგიდულობა (კუნთები ისეა დაჭიმული, რომ ნიკაპის მკერდთან მიტანა შეუძლებელია);
* გულისრევა, ღებინება;
* ცნობიერების არევა ან კონცენტრაციის (ჩვილებში – თვალით კონტაქტის დამყარების) უუნარობა;
* კრუნჩხვა;
* ძილად მივარდნა ან ძნელად გაღვიძება;
* სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* გამონაყარი (მენინგოკოკური ინფექციის დროს).
უფრო ადრეული ნიშნებიდან, რომლებიც მძიმე ინფექციაზე (თუმცა არა მაინცდამაინც მენინგიტზე) მიუთითებს, შეიძლება გამოვყოთ:
* ფეხის ტკივილი;
* ხელის მტევნებისა და ტერფების გაყინვა;
* კანის ანომალიური სიფითრე.
ახალშობილებსა და ჩვილებს მენინგიტის ზოგიერთი კლასიკური ნიშანი, მაგალითად, კისრის გაშეშება, შესაძლოა არც გამოაჩნდეთ, ზოგიერთი კი, თუნდაც თავის ტკივილი, ძნელი შესამჩნევია. ამ ასაკის ბავშვები მენინგიტის დროს შესაძლოა:
*  გამუდმებით ტიროდნენ;
* ძილად იყვნენ მივარდნილნი ან იოლად ღიზიანდებოდნენ;
* ცუდად ჭამდნენ;
* ყიფლიბანდი ამობურცული და დაჭიმული ჰქონდეთ.

მენინგიტის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევა და ამ პროცედურაზე უარის თქმა ანდა გაჭიანურება, მეტი რომ არ ვთქვათ, უგუნურებაა. ამ დროს ხერხემლის არხიდან მხოლოდ და მხოლოდ სითხეს იღებენ და არა ტვინს. ტვინის დაბოლოება ამ ადგილის ზემოთ პროეცირდება, ასე რომ, ტვინის დაზიანების საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს. პროფესიონალის ხელში ეს მანიპულაცია ისევე უსაფრთხოა როგორც, ვთქვათ, ვენიდან სისხლის აღება.

მენინგოკოკით გამოწვეული ეპიდემია დიდ მასშტაბს არ აღწევს. თუ თქვენი შვილის ბაღის ამხანაგი ან თანაკლასელი მენინგოკოკური მენინგიტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა, დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაავადება მთელ კლასს წითელასავით ვერ მოედება. ერთი ან ორი შემთხვევა თითო კერიდან – ასეთია ჩვეულებრივი სტატისტიკა. მენინგოკოკური ინფექციის საინკუბაციო პერიოდი (დრო გამომწვევის ორგანიზმში მოხვედრიდან დაავადების დაწყებამდე) 1-10 დღეა, უმეტესად – 3-4 დღე, ამიტომ უკანასკნელი ავადმყოფის გამოვლენიდან ათი დღის განმავლობაში ბავშვებს დღეში ორჯერ ვუზომავთ სიცხეს, ვუთვალიერებთ ყელსა და კანს. ბავშვთა დაწესებულებებში, სკოლებში, ცხადდება ათდღიანი კარანტინი. ამდენივე ხნით კრძალავენ კოლექტივში ახალი წევრების, აგრეთვე იმ ბავშვების მიღებას, რომლებიც დაავადების გამოვლენისას ამა თუ იმ მიზეზით არ დადიოდნენ. კარანტინი ეხება მხოლოდ იმ ჯგუფს, კლასს, ახალწვეულთა იმ ოთახს, სადაც მენინგოკოკური ინფექციის გენერალიზებული ფორმით დაავადებული თუნდაც ერთი ავადმყოფი გამოვლინდა. დაავადებულთან ძლიერ ახლო კონტაქტში მყოფ პირებს (და, ძმა, უახლოესი მეგობრები) თუ ნაზოფარინგიტი გამოაჩნდათ, გართულების თავიდან ასაცილებლად ანტიბიოტიკებს უნიშნავენ.
დაიმახსოვრეთ:
. ნეიროინფექციაზე მცირედი ეჭვიც კი ყოველგვარ თვითშემოქმედებას გამორიცხავს. ერთადერთი რამ არის საჭირო: ავადმყოფი რაც შეიძლება მალე მოხვდეს პროფესიონალების ხელში. ამ დროს არამცთუ საათებს, ხშირად წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
. თავ-ზურგტვინის სითხის ნიმუშის აღება პროფესიონალის ხელში ისევე უსაფრთხოა როგორც, ვთქვათ, ვენიდან სისხლის აღება.
. მენინგოკოკები გარემოში ერთ წუთში იღუპებიან, ოთახის განიავება და მზის სხივების შემოშვება, სველი წესით დალაგება ძალზე ეფექტურია.

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა