ნინო ზაუტაშვილის "რეალური სივრცე" იხურება?

  • pirveliradio.ge
  • 3 თებერვალი 11:36, 2017 წელი

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ განცხადებას პორტალი "პირველი რადიო" ავრცელებს.

"კოალიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა. "რეალური სივრცე" თავისი არსით არის ჭეშმარიტად საზოგადოებრივი პლატფორმა, ქართულ მედია სივრცეში ერთ-ერთი წარმატებული თოქ-შოუ, რომელიც სიღრმისეულად, სხვადასხვა კუთხით განიხილავს აქტუალურ და მწვავე თემებს. ამისათვის პროექტს არა ერთი პროფესიული ჯილდო და აღიარება ერგო, კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთი გადაცემა არ უნდა დაიხუროს მანამ, სანამ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ დაასაბუთებენ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილებას და არ წარმოადგენენ კონკრეტულ სამაუწყებლო ბადეს თუ რას სთავაზობენ მაყურებელს სანაცვლოდ. 2017 წელს ქვეყანაში ტარდება თვითმმართველოვის არჩვნები, მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მნიშვნელოვან პროცესებს უნდა აშუქებდეს ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში.


კოალიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება პროცესების ამგვარ განვითარებას და მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საჯარო გახადოს დაგეგმილი შეხვედრა გენერალურ დირექტორთან და სხდომის ვიდეო განათავსოს მაუწყებლის ვებგვერდზე, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება გაეცნოს გენერალური დირექტორის გეგმებს. კოალიციის წევრი ორგანიზაციები", - ნათქვამია განცხადებაში.


 

სრული ვერსიის ნახვა pirveliradio.ge